უდიდესი ქართველი და მოღვაწე ისტორიული საქართველოჲსა
1831 წელს, როდესაც ივანე გვარამაძე დაიბადა, მესხეთის ქართველობა კონფესიებად დანაწილებული და დაჩიხული იყო. ამის მიუხედავად, როგორც მართლმადიდებელ, ისე კათოლიკე და მაჰმადიან მესხებშიც კვლავ ცოცხლობდა XVIII საუკუნეში ერეკლეს მიერ შემუშავებული “ხსნისა და აღდგომის” იდეოლოგია. ქართველი პატრიოტები კვლავაც დიდი შემართებით ცდილობდნენ ეროვნული სულის შენარჩუნებას. მესხეთის მაჰმადიანი ქართველობა მალულად კვლავ ქრისტეს რჯულზე ლოცულობდა და მოუთმენლად ელოდა სრულიად საქართველოსთან გაერთიანებას.
მეჩვიდმეტე წელში გადამდგარი ივანე მშობლებმა გასომხებული ქართველის, პავლე შაჰყულიანთის გახმაურებულ სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სწორედ აქ დაეუფლა ის სრულყოფილად ძველ და ახალ სომხურ ენებს, რაც შემდეგ წარმატებით გამოიყენა თავის სამეცნიერ მოღვაწეობაში. სასწავლებელი კი ივანემ ვერ დაამთავრა. შაჰყულიანთმა იგი სემინარიიდან ღამის ქოთნის გატეხვის გამო გარიცხა. ივანემ სასწავლებლად სტამბოლში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ 1853 წელს რუსეთ-თურქეთს შორის ატეხილმა ომმა ეს ოცნებაც დაასამარა. ამ დროს ქუთაისში პავლე შაჰყულიანთან ახალციხიდან გარიდებული პეტრე ხარისჭირაშვილი მოღვაწეობდა. ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში მას ვიკარის თანამდებობა ეკავა და მთარგმნელობითი მუშაობით იყო გატაცებული.
1854 წელს ივანე გვარამაძე პეტრესთან ჩავიდა. პეტრეს სასწავლებელი შაჰყულიანთის სასწავლებლიდან პრინციპულად განსხვავდებოდა. სომეხი პრაგმატულად უდგებოდა საქმეს და მთავრობასთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული, მაშინ, როცა პეტრეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მუდმივი დავა ჰქონდა. ის საქართველო-რომის ახალ ურთიერთობებზე ოცნებობდა და ქართული ტიპიკონის შემოღებისთვის იღწვოდა. ივანეს ქუთაისში სომხურის ნაცვლად იტალიურის სწავლა დააწყებინეს. მალე ქუთაისში ამბავი მოვიდა – არქიმანდრიტი პავლე ჭილიმუზაშვილი-შაჰყულიანთი გარდაიცვალაო. 1855 წელს პეტრემ ქუთაისის ვიკარობიდან თავი გაითავისუფლა, ახალციხეში წავიდა და ივანეც თან იახლა. ახალციხეში მათ კიდევ უფრო რთული ვითარება დახვდათ. ყველგან სომხურენოვანი რიტის მღვდლები მოკალათებულიყვნენ, რომლებმაც პეტრე ახლოს არ გაიკარეს. ივანემ დიაკვნის ადგილის შოვნა მოახერხა, პეტრე კი იტალიაში გაემგზავრა.
ივანე გვარამაძე დიდხანს ვერც ამ ადგილზე დამკვიდრდა. სამსახურიდან დათხოვნილმა სტამბოლს მიაშურა, სადაც რომიდან წამოღებული ნებართვებითა და ფირმანებით პეტრე ხარისჭირაშვილიც გამოჩნდა. პეტრემ სტამბოლში ქართველ კათოლიკე მოძღვართა კონგრეგაცია დააარსა და ივანე მის წევრად ჩაირიცხა. თუმცა, საქმეები აქაც აირ-დაირია და ისევ სომეხი მღვდლის გამო. ივანე კვლავ საქართველოში დაბრუნდა და თბილისის ერთ-ერთ სტამბაში დაიწყო მუშაობა. მალე ივანე გვარამაძე დიაკვნად აღადგინეს, ოღონდ სასულიერო სასწავლებლის დამთავრების მოწმობა მოსთხოვეს, რაც მას არ გააჩნდა. 32-ე წელში გადამდგარი ივანე გიუმრის სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა. 1863 წელს გიუმრიდან ახალციხეში არდადეგებზე ჩამოსულ ივანეს მშობლებმა ქალი შეურჩიეს და დააქორწინეს კიდეც. მოგვიანებით ივანე იტყვის: “ჭირი და მწუხარება ლხინად და სიხარულად მექცა, ჩემი გულის ცოლი შემხვდაო”.
1865 წელს ივანემ სასწავლებელი დაამთავრა და მაშინვე საერო სკოლის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ახალციხეში. ერთხელ გაკვეთილზე ცუდად გახდა და გული წაუვიდა. ამან უსიამოვნო ჭორები ააგორა – ბნედიანი ყოფილა, ამის სკოლაში შეშვება როგორ შეიძლებაო. ივანემ ვერ გაუძლო და ისევ სომხეთში დაბრუნდა, სადაც ერთ მიყრუებულ სოფელში გაამწესეს. სომხეთის მთის სოფელში ყოფნისას სულიერ მარტოობას ახალგაზრდა დიაკვანი ლიტერატურული ვარჯიშობებით იქარვებდა. მის მიერ ამ დროს დაწერილ ლექსებში, პოემებსა და ესეებში მშობლიური მხარის მონატრების იმედიანი განწყობილება არის ასახული. პოეზიისადმი ივანე გვარამაძეს განსაკუთრებული სწრაფვა გააჩნდა. გასაკვირიც იქნებოდა, რომ “ვეფხისტყაოსნის” ტრადიციებზე აღზრდილ ნიჭიერ ახალგაზრდას კალამი ამ სფეროში არ მოესინჯა. მისი ფსევდონიმი – “ვინმე მესხიც ხომ “ვეფხისტყაოსნიდან” არის აღებული.
1867 წელს ივანემ “მწარე ექსორიობიდან” თავი დაიხსნა და საუკეთესო დახასიათებით მშობლიურ ახალციხეში დაბრუნდა. ერთი წლის შემდეგ 37 წელს მიტანებული ივანე მღვდლად აკურთხეს, მომდევნო წელს კი სოფელ ხიზაბავრაში მთავარი მღვდლის მოადგილედ დაინიშნა. ხიზაბავრაში ივანემ პედაგოგიური მოღვაწეობაც განაახლა. ამავე დროს იგი ბევრს ზრუნავდა გლეხთა პირობების გაუმჯობესებისთვის. 70-იანი წლებიდან ივანე გვარამაძე თავის საყვარელ მესხეთს აღარ მოცილებია. ის ხან ხიზაბავრაში, ხან ივლიტაში, ხან ვალეში, ხან რაბათში მოღვაწეობდა მოძღვრად და მასწავლებლად. 1884 წელს ივანე ახალციხის სომეხ კათოლიკეთა სასულიერო მმართველობის უფროსის თანამდებობაზეც მუშაობდა. ივანემ და ანანომ 5 შვილი – 4 ვაჟი და ერთი ქალი აღუზარდეს ქვეყანას.
ივანე გვარამაძე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება გახლდათ. მისი ერთ-ერთი ბავშვობისდროინდელი გატაცება ხატვა იყო. “პირველად, როცა ახალციხის მუზეუმში ივანე გვარამაძის ხელნაწერთა ფონდზე მუშაობისას ვნახე მისი შესრულებული გრაფიკული ჩანახატები, მართალი გითხრათ, თვალებს არ დავუჯერე. მოულოდნელად ჩემს თვალწინ აელვარდა ნამდვილი მხატვარი: დახვეწილი, სრულყოფილი, ორიგინალური… ეს იყო… მშობლიურ ნიადაგზე აღმოცენებული ჩვენება, რომელსაც მე “ევროპული საქართველოს მონატრებას” დავარქმევდი,” – წერდა პროფესორი შოთა ლომსაძე. ჯერ კიდევ 12-13 წლისამ იმერეთის რამდენიმე სოფლის ეკლესია მოხატა. სამწუხაროდ, ივანემ ამ საქმეს ბოლომდე ვეღარ მისდია და ის მხოლოდ ბავშვობისდროინდელ, მაგრამ ძლიერ გატაცებად დარჩა. სამაგიეროდ ივანეს ბოლომდე შერჩა საოცრად დახვეწილი ხელწერა. “მამა ივანე სწორედ იმ ხელითა წერს, როგორც ჩვენი წმინდა მამები სწერდნენ საღმთო წიგნებს. ამისთანა წმინდა ხელით დაწერილი ექნება ათი ათას გვერდზედ მეტი”, – წერდა ილია ალხაზიშვილი.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლისას ივანე მესარკოვის გვარზე ეწერა. ამის გამო ის ათასნაირ გაუგებრობას აწყდებოდა. თავისი გვარის დაბრუნებისთვის ბრძოლამ უკარნახა მას მეცნიერული კვლევის ობიექტად ქართული გვარ-სახელები შეერჩია. ივანე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გვარ-სახელი თავისი შინაარსით ისეთივე სუბიექტი იყო, როგორიც ტომი ან ერი. სამცხე-ჯავახეთში გვარის დაცვის გზაზე სერიოზული დაბრკოლება იყო ქართული კათოლიკური რიტის (კონდაკის) არარსებობა. ქართველები მიწერილი იყვნენ ლათინურ ან, უპირველესად, სომხურენოვანი რიტის მქონე ეკლესიებზე, სადაც სომეხ და ლათინ სასულიერო პირებს თავიანთი რიტის კვალობაზე სასურველ შესაბამისობაში მოჰყავდათ ქართველი მრევლის გვარ-სახელები. ასეთმა პრაქტიკამ ის განაპირობა, რომ შემოერთების შემდეგ მესხეთის ქართველ კათოლიკეთა შორის თავის ისტორიულ ქართულ გვარს თითოოროლა ახლადმოქცეული ოჯახიღა თუ ატარებდა. სომხურ ეკლესიაში ყველა პავლე პოღოსად იწერებოდა, პოღოსას შვილიშვილი კი, როგორც წესი, პოღოსიანად. გვარის გამოცვლა ადამიანისთვის ტრაგედიაა. ეს მე საკუთარი გამოცდილებით ვიცი. შემთხვევითი როდია, ქართულ ენაში ტერმინ “გადაგვარებას” ასეთი მძიმე დატვირთვა რომ გააჩნიაო, წერდა ივანე გვარამაძე. საკუთარი გვარისა და, საზოგადოდ, ქართველ კათოლიკეთა გვაროვნების დადგენა-აღდგენის სურვილმა ივანე ისტორიის საკითხებითაც დააინტერესა და თანდათან თვითნასწავლ ისტორიკოსად ჩამოაყალიბა. განსაკუთრებით ფასდაუდებელია მისი დამსახურება საისტორიო მასალების მოძიებისა და კვლევის საქმეში. “ჩვენ, ქართველები, დავალებულნი ვართ თქვენგან, – წერდა ზაქარია ჭიჭინაძე, და აქ ყველა თქვენს მეცადინეობას და შრომას ბედკრული საქართველოსთვის დიდად აფასებენ… თქვენგან შეკრებილი მასალები დაუფასებელ ადგილს დაიჭერს საქართველოს ისტორიაში…”
ივანე გვარამაძის მიერ გადმოწერილ ალექსანდეპოლის, ერევნის, ერზრუმის და სხვა ისტორიულ ადგილთა სიახლოვეს მდებარე ეკლესიებზე არსებული ქართული წარწერები სრული სიახლე იყო ეპიგრაფიკულ მეცნიერებაში. “როცა ვნახე დაბეჭდილი თქვენი “ხმა ხიზაბავრიდამ, – კალამს თავი მივანებე… სრულ ჭეშმარიტებას წერთ”, – აღფრთოვანებას ვერ მალავდა აკადემიკოსი დიმიტრი ბაქრაძე 1882 წელს. დიმიტრი ბაქრაძე იმასაც გრძნობდა, რომ თვითნასწავლ ისტორიკოსს პროფესიონალის დარიგებაც სჭირდებოდა და ცდილობდა თავისი რჩევებით დახმარებოდა მას. ამასთან, აკადემიკოსი აღიარებდა, რომ ივანე გვარამაძეს თავისი შრომებით ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის უცნობი ფურცლების გამომზეურებაში. “გვარამაძის შედგენილ “ქართლის ცხოვრებაში” იმდენი ღირსშენასაშნავი და ახალი ცნობებია შეკრებილი, რომ ჩვენ მათი ხსენებაც არ ვიცოდით”. – წერდა ის. ივანე გვარამაძის “მოკლედ შედგენილი ქართვლის ცხოვრების” გამოსვლას გამოეხმაურა აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ნაშრომის უყურადღებოდ დატოვება უპატიებელი საქმეაო. ნაშრომში კრიტიკულად არის მიმოხილული “ქართლის ცხოვრების” უკლებლივ ყველა ნაწილი. განსაკუთრებით ეჭვის თვალით შეხედა გვარამაძემ სომხურ-სპარსული ისტორიებიდან ამოკრებილ ცნობებს და “დიპლომატიური საჭიროებისთვის” შედგენილ არასწორ ინფორმაციებად მიიჩნია ისინი. მან უარყო “ქართლის ცხოვრებაში” გაბატონებული ქართველთა თარგამოსიდან მომდინარეობის კონცეფცია. გვარამაძის აზრით ეს კონცეფცია შექმნა სომეხმა ისტორიკოსმა ანელმა X-XI საუკუნეების მიჯნაზე. მაშინ, როცა სომხებს პოლიტიკურ ასპარეზზე ძალზე გაუჭირდათ და მეზობელი ქართველებისა და სხვა კავკასიელთა დახმარებას საჭიროებდნენ. შემდეგ ეს გამოგონილი თეორია ქართულად ითარგმნა და ასე მოხვდა “ქართლის ცხოვრებაში, – წერდა ივანე გვარამაძე. ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შორეულ წარსულში სომხები ჩვენი მეზობლები არ იყვნენ, რადგან არიანების ერთი შტოსა და ფრიგიელების შერწყმის შედეგად წარმოშობილი ხალხია და კავკასიაში ინდოეთიდან არიან მოსულნიო.
რა არგუმენტები გააჩნია გვარამაძეს ამ დებულების დასამტკიცებლად?
1. მხითარ ანელის არც ერთი წინაპარი არ იცნობს თარგამოსიდან ორის ხალხის მომდინარეობის ისტორიას.
2. არც ბიბლიური წყარო, არც ლინგვისტური მონაცემები არ ადასტურებს ქართველთა და სომეხთა ახლობლობას. სომხები ქართველებს ძველი ხალხებივით “თობალს” და “მოსახს” კი არ გვეძახიან, არამედ “ვირქებს”. ჩვენ რომ საერთო წინაპარი გვყოლოდა, თუ მთლიანად ენა არა, ბგერები მაინც გვექნებოდა საერთო, სომხები კი ზოგიერთ ჩვენს ბგერას ვერც წარმოსთქვამენო. ქართველთა და სომეხთა საერთო წარმომავლობის თეორიის უარყოფის მიუხედავად ივანე გვარამაძე ორ ერს შორის მაინც ბევრ საერთოს ხედავდა, რაც მისი აზრით, ერთმანეთის გვერდით ხანგრძლივმა ცხოვრებამ, საერთო ისტორიულმა ბედმა თუ უბედობამ განაპირობა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ივანე გვარამაძის დამოკიდებულება მაჰმადიანი ქართველებისადმი. XIX საუკუნის 60-იან წლებში, სამოღვაწეო ასპარეზზე გვარამაძის გამოსვლის დროს, ქართველ მაჰმადიანთა ვინაობის საკითხი ბურუსით იყო მოცული. რუსეთის ხელისუფლება შეგნებულად უწყობდა ხელს მაჰმადიან ქართველთა გაუცხოებას. ანატოლიიდან და იმპერიის სხვა მაჰმადიანური პროვინციებიდან მას სისტემატურად ჩამოჰყავდა ომარის სექტის რელიგიის მსახურნი, რომელთა საქმიანობა აბორიგენ მოსახლეობაში ეთნიკური წარმომავლობის დავიწყებას და მაჰმადიანური ფანატიზმის გაღვივებას ისახავდა მიზნად. რუსი მოხელეები ყოველი საშუალებით აიძულებდნენ მაჰმადიან მესხებს დაეტოვებინათ თავიანთი მიწები და თურქეთში გადასულიყვნენ. მთავარმართებელი პასკევიჩი აფრთხილებდა მთავრობას: “თუ მაჰმადიანთა გადასახლებას ხელშეკრულებით (ადრიანოპილის) გათვალისწინებულ ვადაში ვერ დავამთავრებთ, მერე, ომით გამოწვეული ფსიქოზის გავლის შემდეგ, გასასახლებელთა ადგილიდან დაძვრა, ბევრიც რომ მოვინდომოთ, შეუძლებელი გახდება და ხელში შეგვრჩება ჩვენდამი დაპირისპირებული, მტრულად განწყობილი და ძნელად დასამორჩილებელი მუსლიმური სასაზღვრო რაიონი”.
აქედან გამომდინარე, სამცხე-ჯავახეთის დროებითი მმართველობის ამოცანას შეადგენდა მხარიდან რაც შეიძლება მეტი მაჰმადიანი მესხის გასახლება, ამ გზით სახაზინო მიწის ფონდის გამრავლება და მასზე სომხების დასახლება. ეს გეგმა პასკევიჩ-ბებუთოვის ერთობლივი ძალისხმევით წარმატებით განხორციელდა. გასახლებული მესხების ადგილზე არზრუმიდან დევნილი სომხები ჩამოასახლეს, თავიანთ მიწაზე დარჩენილი მაჰმადიანი მესხები კი ხელაღებით თურქებად გამოაცხადეს. ეს მაშინ, როცა ყველა რუსი მოგზაური, მეცნიერი და სტატისტიკოსი მათ ქართულ ეთნოსს მიაკუთვნებდა. მაჰმადიან მესხთა დიდი ნაწილი მაშინ ჯერ კიდევ მშობლიურ ქართულ ენაზე საუბრობდა. ალექსანდრე ფრონელი გულისტკივილით და აღშფოთებით წერდა: “ამ აქტით მთავრობამ უკუღმართობა ჩაიდინა. ამოდენა ქართველობას სახელი შეუცვალა და თათრად მონათლა. განა ხერთვისელ გეგიძეს ან ჯაყისმანელ ნემსაძეს და გიორგაძეს თათარი ეთქმით? კაცმა რომ რჯული გამოიცვალოს, განა ხალხოსნობას და ეროვნებას დაკარგავს? რადგან რჯული და რწმენა სინდისის საქმეა, ეროვნება კი სისხლის, მოდგმის, ჩამომავლობის”. 40-იანი წლების დასაწყისში მაჰმადიან მესხთა არისტოკრატიამ ახალციხეში ჩამოსულ რუსეთის იმპერიის სამხედრო მინისტრს – ჩერნიშევს წარუდგინა ვრცელი მოხსენება. მესხი ბეგ-აღალარები მინისტრს მესხი ფეოდალების ქართლ-კახეთისა და იმერეთის თავადაზნაურობასთან უფლებრივ გათანაბრებას თხოვდნენ. სანაცვლოდ კი თავიანთი ქვეშევრდომებიანად ქრისტეს რჯულზე დაბრუნებას აღუთქვამდნენ. ცხადია, ეს საქართველოსთვის მომგებიანი ნაბიჯი იყო. თითქოს, ერთმორწმუნე რუსეთიც უნდა მისალმებოდა წინაპართა რჯულზე მაჰმადიან ქართველთა მოქცევას… მაგრამ ბეგებმა თხოვნაზე სასტიკი უარი მიიღეს. მათ ამ ნაბიჯში მთავრობამ ქართველთა გაძლიერების საშიშროება დაინახა (უნდა ითქვას – არც თუ უსაფუძვლოდ), რაც ცხადია, სულაც არ შედიოდა მის ინტერესებში. ამან კიდევ უფრო გააღრმავა რელიგიური ბზარი ჩვენს ეროვნულ სხეულში. ამის შემდეგ მესხეთის მაჰმადიანი და ქრისტიანი ქართველობის განვითარების გზები აშკარად სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. 1878 წელს ერთი ლიბანელი ნაქართველარი მოლა გაზეთ “დროების” კორესპონდენტს ეუბნებოდა: “მეც და ჩემი ქვეყნელებიც შთამომავლობითაც, შეხედულებებითაც ქართველები ვართ, ეს მე ძალიან კარგად მესმის. მაგრამ სარწმუნოება მაჰმადისა გვიჭირავს, რადგან ყოველმა პატიოსანმა კაცმა და, განსაკუთრებით, ჭეშმარიტმა მაჰმადიანმა ხალხოსნობის წინაშე უპირატესობა უნდა სარწმუნოებას აძლიოს, ამისთვის მე სულით და გულით ვეკუთვნი ოსმალეთს და არა ქართველებს და ჩემს სამშობლოს შეადგენს ჩემი თანამორწმუნე ოსმალეთი და არა საქართველო”.
XIX საუკუნის შუა ხანებიდან პანისლამისტური იდეოლოგიის მომხრენი მსოფლიო ენებსაც ორ ჯგუფად – მორწმუნეთა და ურწმუნოთა ენებად ყოფდნენ. და, რახან ქართული ქრისტიანულ ენათა ჯგუფში შედიოდა, ამ ენაზე ალაჰისა და ყურანის ხსენებაც კი მკრეხელობად ითვლებოდა მაჰმადიანისთვის. ტაო-კლარჯეთში მოგზაურობის დროს გერმანელ მეცნიერს – კარლ კოხს ერთი ბეგი, თურმე, შესჩიოდა: “მართალია ცოდვა და დანაშაულია გიაურის ენაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ენა თვით ღმერთის მიერ გვაქვს ბოძებული და ჩვენ რა ვქნათო”. აი, ასეთი იყო ვითარება, როდესაც ივანე გვარამაძე სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა. სოფელ ვალეში, სადაც ივანემ ყრმობა გაატარა, სამი რჯულის ქართველები – მაჰმადიანები, მართლმადიდებლები და კათოლიკენი ცხოვრობდნენ. მართლმადიდებლები ქართველებად ირიცხებოდნენ, კათოლიკენი – ფრანგებად, მაჰმადიანნი – თათრებად. კონფესიური გათიშულობის მიუხედავად მათ შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა სუფევდა. ყველა რჯულის ქართველი ერთნაირად იჭერდა ძველ ქართულ რელიგიურ უქმეებსა თუ დღესასწაულებს – გიორგობას, აღდგომას, მარიამობას, ღებავდნენ კვერცხებს, ერთობლივად აშენებდნენ ქრისტიანულ სალოცავებს და სხვ. ასეთი კეთილმეზობლური, ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის ატმოსფერო მათი საერთო ძირებით, ისტორიული თანაცხოვრებით განმტკიცებული ტრადიციებით იყო განპირობებული. ივანე გვარამაძე იხსენებდა, თუ როგორი თავგანწირვით დაიცვეს ვალელმა მაჰმადიანმა ქართველებმა 1853 წელს დაწყებული ომისას თავიანთი ქრისტიანი მეზობლები: როდესაც “ცხენოსანნი ოსმალები მოვიდნენ მაჰმადიანებში და უნდოდათ ქრისტიანებისგან ტყვის გაყვანა… ვალელი მაჰმადიანები მაგრათ დაუდგნენ, – ჩვენ ვერ ვუღალატებთ ჩვენს მეზობლებს, რომ დღემდის ჭირშიც და ლხინშიც ერთად გვიცხოვრიაო. ჯერ ჩვენი ცოლ-შვილი გაიყვანეთ ტყვედ თუ შეგიძლიათ და მერე ქრისტიანებისაო… დაგვეკარგეთ აქედან თქვე ცხენის ქურდებო თქვენაო”… ასეთი დახვედრის შემდეგ თურქული რაზმები ვალეში შესვლას ერიდებოდნენ. თუმცა, იყო საპირისპირო შემთხვევებიც, როცა ზოგიერთი მაჰმადიანი ოსმალებს წამოუძღვა ქრისტიანების წინააღმდეგ.
მიუკერძოებელი მემატიანის ალღოთი აღწერს გვარამაძე თურქეთის ტერიტორიაზე 30-იან წლებში სამცხე-ჯავახეთიდან გაქცეული მაჰმადიანი ქართველების დაბრუნების მცდელობას. 1853 წლის სამხედრო კამპანიის დროს კავკასიის ფრონტზე თურქეთის დროებითმა წარმატებებმა მაჰმადიან მესხებს მამა-პაპეულ მიწებზე დაბრუნების იმედები აღუძრათ, მაგრამ მათი სახლები უკვე არზრუმიდან აყრილ სომხებს ეკავათ. გვარამაძე მოუწოდებდა არტაანში გადასახლებულ მესხებს, დაბრუნებოდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს. ასევე მოუწოდებდა ის არზრუმელ სომხებს – არ დაევიწყებინათ თავიანთი სამშობლო და პირველი შესაძლებლობისთანავე წასულიყვნენ წინაპართა მიწაზე, რადგანაც, აფრთხილებდა ის მათ, სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ ააშენებთ და მუდმივად კონფლიქტებსა და შიშში იქნებითო. ამავე დროს ის მოაგონებდა ზოგიერთ ყალბისმქმელ მწერალს თუ მეცნიერს, რომ სიყალბით და ზღაპრების შეთხზვით სამშობლოს სხვაგან გამოგონება არ შეიძლებოდა. ივანე გვარამაძემ ხმა აღიმაღლა რუსული ხელისუფლების იმ კურსის წინააღმდეგაც, რომლის თანახმადაც მაჰმადიან ქართველებს განათლება თურქულად უნდა მიეღოთ. “იმისათვის გვიშლიან ქართულ ლაპარაკს და წერას, რომ უფრო გადაგვარჯულონ, აღარ მოგვაგონონ ჩვენთა წინაპართ ქრისტიანობა, მათი ტკბილი ცხოვრება, სიმხნე, სიძლიერე და სახელგანთქმულობა. იციან, რომ ოსმალებმა თქვენი მამა- პაპა ძალად, ხმლისა და ცეცხლის შიშით გადაარჯულეს და ახლა, როცა გათავისუფლდით ოსმალთა მძლავრობისგან და შეგიძლიათ გარჩევა თქვენის მომავალი ცხოვრებისა, ჩვენს მტრებს ეს არ მოსწონთ, აშინებთ, რომ ბოლოს თქვენ და ჩვენ არ გავერთიანდეთ და ერთ გუნდად არ შევიკრიბოთ”.
მესხთა ეროვნული თვითშეგნების გზაზე გვარამაძეს ორი მიმართულებით უხდებოდა ბრძოლა: ერთი მხრივ ის ცდილობდა დაერწმუნებინა ქართველი კათოლიკენი, რომ ისინი ოფიციალურად სომხებად მხოლოდ ქართული კონდაკის არქონის გამო იყვნენ დაწერილნი, სინამდვილეში კი ჭეშმარიტი ქართველები იყვნენ; მეორე მხრივ, ის უხსნიდა მაჰმადიან ქართველებს, რომ სხვა იყო რელიგია და სხვა ეროვნება, რომ მაჰმადიანობის მიღებით ისინი სხვა ეროვნებისანი არ ხდებოდნენ. რელიგიებად დაყოფილი ქართველების გამაერთიანებელ ძალად მას ქართული ენა მიაჩნდა და ყველაფერს აკეთებდა მისი დამკვიდრება-განვითარებისთვის. “დღეს მესხეთის გადამრჩენი ქართული წერა-კითხვა არის”, – წერდა ივანე გვარამაძე. შთამომავლობის სრულფასოვან მამულიშვილებად აღზრდისთვის ორი პირობაა შესასრულებელი. ის უნდა “მოიწვრთნას მშობლიურ ენაზე” და მან უნდა ილოცოს “მშობლიურ ენაზე”. რწმენაცა და ცოდნაც სხვა არაფერია, თუ არა თვით ადამიანის ხელში ენის საშუალებით კოდირებული მემკვიდრეობა, რომლის უარყოფა თვით მემკვიდრეობის უარყოფას ნიშნავს, ადამიანს “სულით გაყიდულ და გრძნობებისგან დაცლილ მოჩვენებად” აქცევს. ამიტომაც ქართული კათოლიკური ტიპიკონის აღდგენა-დამკვიდრებისთვის ბრძოლას ივანე გვარამაძისთვის ერთ-ერთი უპირველესი მნიშვნელობა გააჩნდა. მიხეილ თამარაშვილი და იოანე ანტონოვი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ იმ მოხერხებულობის გამო, რომელსაც ივანე გვარამაძე ამჟღავნებდა ქართული ენის დაცვის საქმეში. 1890 წელს ეპისკოპოსის ბრძანებით მამა ივანეს ეკლესიაში ქართულ ენაზე წირვა აეკრძალა. ივანე ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ ეკლესიაში წირვა არა სომხურად, არამედ თურქულად გააგრძელა, ქართულად კი ღვთისმსახურება სკოლაში შემოიღო. სომეხმა მღვდლებმა ეპისკოპოზთან იჩივლეს, მაგრამ ივანემ თავი იმართლა: ბრძანებაში არ ეწერა რა ენაზე უნდა მეწირა, იქ მხოლოდ ქართულ ენაზე წირვის აკრძალვაზე იყო საუბარიო. ამის შემდეგ ეპისკოპოზი იძულებული გახდა ახალი ბრძანება დაეწერა და მიეთითებინა, რომ წირვა სომხური რიტით აღსრულებულიყო.
ივანე გვარამაძემ პეტრე ხარისჭირაშვილთან, იოსებ ნებიერიძესთან, იოანე ანტონოვთან ერთად ქართულენოვანი ტიპიკონისთვის ბრძოლას ახალი მიმართულება მისცა და იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემადგენელ ნაწილად აქცია. დაუღალავმა მრავალმხრივმა მოღვაწეობამ, მის მიერ გამოქვეყნებულმა სამეცნიერო ნაშრომებმა სახელი გაუთქვეს ივანე გვარამაძეს. იგი მესხეთის ქართველობის აღიარებულ ლიდერად და ფიქრთა მპყრობელად იქცა. წმ. მარინეს მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვარი ვასილ გამრეკელი მიმართავდა ივანეს: “ვამაყობ იმით, რომ კიდევ არიან თქვენისთანა პირნი, რომელნიც ხმამაღლა ღაღადებენ სიმართლეს… მარტო თქვენ გვყავხართ თითით საჩვენებელი, როგორც სამაგალითო სამღვდელო პირი”. გვარამაძის დიდი ავტორიტეტის გამო იგი ხიზაბავრაში თბილისის არქეოლოგიური ყრილობის მონაწილეებმა მოინახულეს, შემდეგ კი სამშობლოში ჩასულებმა მოსკოვის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ნამდვილ წევრად აირჩიეს. “ჩვენ, ქართველები, დავალებული ვართ თქვენგან, თქვენი შეკრებილი მასალები დაუფასებელ ადგილს დაიჭერს საქართველოს ისტორიაში. მე ისეთი შეყვარებული მაქვს თქვენი წერილები, რომ კალამს და თითებსაც დაგიკოცნით, რომ გნახოთ სადმე”, – წერდა ივანეს ზაქარია ჭიჭინაძე. ივანე გვარამაძის ღვაწლს დიდად აფასებდა აკაკი წერეთელიც. სწორედ აკაკის თხოვნით დაწერა ზაქარია ჭიჭინაძემ გვარამაძის ბიოგრაფია. დიდი მგოსანი თვლიდა, რომ “ამ კათოლიკე მღვდლის წუხილიც და ტკივილიც მომავლის იმედით არის გაცისკროვნებულიო”. ის მოხიბლული იყო ქართველ კათოლიკეთა კულტურულ-საგანმანათლებლო და კომერციული საქმიანობით და ეს ხალხი ჩვენში ევროპული სტილის საქმიან ადამიანებად მიაჩნდა. ივანე გვარამაძე ძალზე ხელმოკლედ ცხოვრობდა. ამის მიუხედავად მას არსად არასოდეს დაუჩივლია. “მამა ივანეს ჰქონდა ის სული, რაც სხვა არ გააჩნდა. ეს იყო რწმენა და უმაგალითო მხნეობა. ეს სული მას არსად, რაიმე საქმეში წარბს არ ახრევინებდა”, – წერდა ზაქარია ჭიჭინაძე.
1895 წელს ივანეს მეუღლე გარდაეცვალა. ერთგული მეგობრისა და ცხოვრების თანამგზავრის დაკარგვის შემდეგ მისი პირადი ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა. ამას ისიც დაერთო, რომ გვარამაძე მოხუცებულობის მიზეზით მღვდლობიდან და მასწავლებლობიდან გადააყენეს, პენსიის დანიშვნაზე კი უარი უთხრეს. ამით აღშფოთებული მიხეილ თამარაშვილი რომიდან წერდა: “როგორ უბედავენ ამას ივანე გვარამაძეს და თუ ეგენი უბედავენ, თქვენ რას გაჩუმებულხართ, რაშია საქმეო”. 1911 წელს მიხეილ თამარაშვილი რომში ტრაგიკულად დაიღუპა. “მამაჩემმა მოულოდნელად პატრ მიხეილ თამარაშვილის დარჩობის ამბავი რომ გაიგო, ცუდად გახდა. მას შემდეგ იმის თვალზე ცრემლი აღარ შემშრალა. იტირა, ივაგლახა და მომავალი ხანგრძლივი თავისი სიცოცხლე თვითონვე მოიშრიტა”, – წერდა ივანეს შვილი კონსტანტინე. თამარაშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო ივანეს მიერ დაწერილი გოდება ქართული მჭერმეტყველების ნიმუშია: “…მამა მიხეილ თამარათი გმირულად დაიღუპაო… არ მეყოფოდა ჩემი სამშობლო მამულის უშველებელი ჯავრი-ნაღველი, რის გამოც ჩემი თავი დავიწყებული მაქვს და დღედაღამ უნუგეშოდ დავტირი… ჩვენი ცოდვისთვის მოუშვია ღმერთს ჩვენზედ უცხო ტომნი მაჭივრებლად, შემოგვსევიან ოთხკუთხივ და ძალისძალად ჩვენს წინაპართ სისხლით მორწყულ მიწა-წყალს, მთაბარს, ტყე-ღრეს გვტაცებენ ხელითგან… მათი ჩარჩ-ვაჭარნი წყობა-წყობისად ტრიალებენ ჩვენს სოფლებში და უსამართლო აღებ-მიცემობით და მევახშეობით ძარცვავენ ჩვენს ხალხსა. ჩვენის ქვეყნის ნაყოფით გამდიდრებულნი ჩვენს მტრობაში და სისხლის სმაში არიან”, – წუხდა იგი. ამ ნეკროლოგის შემდეგ ივანე გვარამაძემ 8 თვეღა იცოცხლა. 1912 წლის 26 მაისს გაზეთი “დრონი” წერდა: “24 მაისს, დილის 3 საათზედ ახალციხეში გარდაიცვალა მღვდელი ივანე გვარამაძე. დაკრძალვას სხვადასხვა სოციალური ფენის, მდგომარეობის, რწმე- ნის ქართველობა ესწრებოდა. “საერთო ქართველის” წინაშე ქედს იხრიდა სრულიად საქართველო.”
ეპილოგი: 1916 წელს გარდაიცვალა სიმდიდრით ცნობილი ვინმე პავლე ყულაიჯიშვილი, რომელმაც ანდერძად დაიბარა _ ივანე გვარამაძის გვერდით დამკრძალეთო. ანდერძის აღსრულების კომისიამ დაასკვნა: ივანე გვარამაძე ყველასგან გამორჩეული, ერთი იყო, მის გვერდით ნურავინ დაიკრძალებაო. დიახ, ივანე მართლაც “ერთი იყო”… ქართველებმა ვიცით ღირსეული მამულიშვილების დაფასება… ვაგლახ, რომ მხოლოდ სიკვდილის შემდგომ.
შემოკლებული ვერსია
უჩა ბლუაშვილის წიგნიდან
“მესხეთის სახელოვანი შვილები”