I. რომის ეპისკოპოსის პრიმატის შესახებ

II. მართლმადიდებელი ქრისტიანის ზიარების შესახებ კათოლიკურ ეკლესიაში

III. განსაწმენდელის შესახებ

IV. ქორწინების შესახებ

V. მარხულობის შესახებ

 

 

I

რომის ეპისკოპოსის პრიმატის შესახებ

 

კითხვა: – რა საფუძველს ეყრდნობა რომის პაპის პრიმატი ?

პასუხი: – ქრისტეს ეკლესიის ხილული ერთიანობა ეფუძნება რომის ეპისკოპოსის, როგორც მოციქულთა თავის, პეტრეს მემკვიდრეების მწყემსმთავრობის ფუნქციას, რომელიც მას ქრისტემ უბოძა. პაპის პრიმატს გააჩნია ორი საფუძველი:

I.1. ბიბლიური,

I.2. საეკლესიო გადმოცემითი (ისტორიული).

 

I.1. ბიბლიური საფუძველი:

მაცხოვრის მიერ პეტრეს არჩევა:

I. 1.1). მათე 16, 17-19, ლუკა 22, 31-32, იოანე 21, 15-17

(მასზე აფუძნებს ხილულ ეკლესიას, რომელსაც უწინასწარმეტყველებს დაუმარცხებლობას;  დააბარა რა გააძლიეროს ძმები და ეკლესია, მისთვის პირადად ილოცა და ბოლოს, უბრძანა გაუძღვეს ეკლესიას).

პეტრე მოციქულთა თავკაცია:

I. 1.2). – ქრისტეს ღვთაებრიობა პირველად და უშუალოდ იცის პეტრემ მამისგან მათ. 16, 17; აღმდგარი მაცხოვარი ეცხადება პირველი პეტრეს ლუკ, 24, 34; 1 კორ. 15, 5;

I. 1.3) – პეტრეს პირველობა მოციქულთა შორის ყველა ნუსხაში: – მათე 10,2; მარკოზი 3,16; ლუკა 6,14; საქმ. 1,13.

I. 1.4)- მოციქულთა სახელით საუბარი და გამოსვლა მათე 16,15; 19,26; იოანე 6,67-69; მოც. 2, 14-36 და საქმეებში აღარ გავაგრძელებთ ჩამოთვლას მე-10 თავამდე პეტრეს თავკაცობას და ქადაგებებს მთელი ეკლესიის სახელით (მოციქულთა კრებაზე პეტრეს წარმართთა მოქცევისთვის გადამწყვეტი გამოსვლის ჩათვლით მოც. 15, 7-11).

I. 1.5) გამორჩეულად მოციქულებისგან გამოყოფილი მოც. 5, 29: “პეტრემ და მოციქულებმა კი უპასუხეს… “; პავლე, როცაპირველად ჩადის იერუსალემს მიდის პეტრესთან გალ. 1, 18; ანანიასზე და საფირაზე მარტოს შეუძლია განაჩენის

გამოტანა (მოც. 5, 1-11) ისევე როგორც კორნელიუსის ნათლობის გადაწყვეტილებისთვის (სხვა მოციქულებისგან განსხვავებით !) არავისთან შეთანხმება არ სჭირდება (მოც. 10, 47და შ.).

 

I.2. საეკლესიო გადმოცემა (ეკლესიის წმიდა ტრადიცია) ადასტურებს  ბიბლიური მოწმობობას რომის ეპისკოპის საეკლესიო პრიმატზე. აქვე რამდენიმე მაგალითი პირველი საუკუნეებიდან:

ა) წმ. კლიმენტი რომაელის წერილი კორინთელებისადმი, რომელიც თარიღდება არაუგვიანეს 100-101 წლით. თავად  კლიმენტი ითვლება მეოთხე პაპად. რაც შეეხება ამ წერილის მნიშვნელობას, დიონისე ეპისკოპოსი კორინთისა წერს დაახლ. 170 წელს, რომ მას კვირაობით ეკლესიებში აკითხებს ხოლმე. კლიმენტი ამ წერილში საუბრობს იმაზე, რომ დიდ შეცდომაში არიან ისინი, ვინ რომის ეკლესიას ყურს არ უგდებს (59, 1) და ასე ამგ.

ბ) წმ. ეგნატე ანტიოქიელი ( 117 წ.), წამებული ეპისკოპოსი, გადმოცემით იოანეს მახარებლის მოწაფე, სწერს პირდაპირ მის წერილში რომაელთადმი: “ეკლესია რომაელთა, რომელსაც წინამძღოლია (პროკათეტაი) სიყვარულში …”.

გ) წმ. ირენეოს ლიონელი (130-202) : “რომის ეკლესიას, სახელდობრ მისი განსაკუთრებული უპირატესობის გამო, აუცილებლად უნდა ეთანხმებოდეს ყოველი ეკლესია ანუ მორწმუნენი ყოველთა ქვეყნიდან.” მწვალებელთა წინააღმდეგ, 3. 3. 2.

 

 

II

მართლმადიდებელი ქრისტიანების ზიარების შესახებ კათოლიკურ ეკლესიაში

 

კითხვა: –  დაიშვება თუ არა კათოლიკე ეკლესიის მოძღვრებით მართლმადიდებელი ქრისტიანი კათოლიკურ ზიარებაზე ?

პასუხი: – მაშინ როცა მართლმადიდებლური წესის მიხედვით კათოლიკე ქრისტიანი არათუ ზიარებაზე, არამედ ლიტურგიის უმთავრეს ნაწილზე (“ლიტურგია მართალთა”) დასასწრებათაც უმეტესწილად არ დაიშვება, თუ მან აღმსარებლობა მანამდე არ შეიცვალა, კათოლიკური ეკლესია უშვებს მართლმადიდებელ ქრისტიანის ზიარებას კათოლიკური წირვისას ორი წინაპირობით: თუ მას ეს სურს ანუ ამ სურვილს გამოხატავს და თუ იგი შესაბამისად მზად არის ამისთვის (ეს მზადყოფნა წმინდა პურის მიღებისათვის მოეთხოვება ზუსტად ასევე კათოლიკესაც).

უნდა ითქვას, რომ კათოლიკე ეკლესია აყენებს სამ წინაპირობას იმ შემთხვევისთვის, როცა თავად კათოლიკეს სურს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიიღოს ზიარება. პირველი პირობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი კათოლიკურ ეკლესია სიახლოვეში არ არსებობს. მაშინ მას შეუძლია წინასწარ დაეკითხოს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რათა მიიღოს ნებართვა. მესამე და უმთავრესი წინაპირობაა კი ის არის, რომ მისი ზიარება არ წარმოადგენდეს ქრისტეს ერთიანი, ხილული და პაპის წინამძღოლობით მყოფი ეკლესიის წინააღმდეგ განზრახ ქმედებას ანუ ერთიანობის დარღვევას. თუ ეს პირობები შესრულებულია, მაშინ კათოლიკეს შეუძლია ეზიაროს მართლმადიდებლურ წირვისას.

 

III

განსაწმენდელის შესახებ

 

კითხვა: რა არის განსაწმენდელი?

პასუხი: განსაწმენდელი არის ადგილი, რომელშიც ის სული მიდის სიკვდილის შემდეგ, ვინც მოინანია თავისი ცოდვები, მათი გამოსყიდვა კი ვერ მოასწრო ამქვეყნად, და სწორედ განსაწმენდელი ესაჭიროება მას, ამ ცოდვების გამოსყიდვისათვის.

 

III.1. ბიბლიური საფუძველი

III. 1.  2 მაკაბელთა 42-45:

42. დაიწყეს ლოცვა, ევედრებოდნენ ღმერთს, სრულად მიეტევებინა მათთვის ეს შეცოდება. ხოლო კეთილშობილი იუდა ჩააგონებდა ყველას, ცოდვებს მორიდებოდნენ, რაკი თავისი თვალით ნახეს, თუ რა დაატყდათ თავს ბრძოლაში დაცემულ იუდაელებს შეცოდების მიზეზით. 43. შეკრიბა თითოეული კაცისგან ორიათასამდე ვერცხლის დრაქმა და იერუსალიმში გაგზავნა, რათა ჩადენილი ცოდვის გამო მსხვერპლი შეეწირათ. მეტად ღირსეულად და პატივისცემით მოიქცა, რადგან აღდგომაზე ფიქრობდა. 44. ბრძოლაში დაცემულთა აღდგომის იმედი რომ არ ჰქონოდა იუდას, ზედმეტად და ამაოდ მიიჩნევდა იგი მიცვალებულთათვის ლოცვას.

III. 2.    მათე 5, 26:

ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ კოდრანტს.

III. 3.    მათე 12, 32:

ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას. მაგრამ თუ ვინმე იტყვის სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში.

III. 4.    1კორინთელთა 3, 12-15:

12. და თუ ვინმე აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, შეშას, ძელს, ნამჯას,- 13. თითეულის საქმე გამომჟღავნდება, ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და თითოეულის საქმეს, როგორიც არის, ცეცხლი გამოცდის. 14. ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს  საზღაურს.

 

IV

ქორწინების შესახებ

 

IV.1. კითხვა: – რთავს თუ არა კათოლიკე ეკლესია ნებას ოჯახის წევრთა გაყრას ანუ ქორწინებიდან განთავისუფლებას (ე.წ. ჯვრის აყრას)?

პასუხი: – მაცხოვარი პირდაპირ გვეუბნება “რომელნიც ღმერთმა შეაერთა, მას კაცნი ნუ განაშორებენ (მათე 19,6)”. აქედან გამომდინარე ეკლესიას არასდროს არ აქვს უფლება გააშოროს მეუღლენი და ამიტომაც ამას არ აკეთებს, გარდა იმ უიშვიათესი შემთხვევებისა, როცა ქორწინება არ იყო შემდგარი (სიცრუით და ან სხვა განზრახ შეცდომით იყო შემდგარი). ასეთ შემთხვევებს საეკლესიო სასამართლოები იკვლევენ და იხილავენ, ხოლო გადაწყვეტილება საჭიროებს ეკლესიის მთავარსამღვდელოების ნებართვას.

 

IV.2. კითხვა: – საქართველოში გავრცელებულია მოსაზრება, რომ კათოლიკე ეკლესია ნებას რთავს ქორწინებას ნათესავებს შორის. რამდენად შეესაბამისება ეს სინამდვილეს ?

პასუხი: – კათოლიკე ეკლესიის საეკლესიო სამართლის მთავარი კანონის (CIC) § 1091-ის 1. და 2. მუხლების მიხედვით ეკლესია არ ცნობს მე-5 საფეხურამდე მყოფ ნათესავთან ქორწინებებს (ნათესაობის საფეხურის მაგალითი: პირდაპირი ბიძაშვილი ანუ საერთო ბაბუის ყოლა  ნათესაობის მე-2 საფეხურია, საერთო დიდი ბაბუა წარმოადგენენ ბიძაშვილურის ნათესაობის მე-3 საფეხურს და შესაბამისად, საერთო ბაბუის ბაბუა – მე-4 საფეხურს).

 

V

მარხულობის შესახებ

 

V. 1. კითხვა: – მარხულობენ თუ არა კათოლიკეები ?

პასუხი: – კათოლიკეები მარხულობენ ორი სახით. ერთის მხრივ არსებობს მარხვა, რომელიც მდგომარეობს დღეში ერთხელ საკვების მიღებაში, მეორეს მხრივ კი  თავშეკავება, რომელიც აგრეთვე მარხულობის ნაწილია და გამოიხატება ხორცზე უარის თქმით.

 

V. 2. კითხვა: – რა დასაბუთებით მარხულობენ კათოლიკეები ?

პასუხი: – გაცნობიერებული მონანიება, საკუთარი მიდრეკილებების გაკონტროლება და გულისთქმის თავისუფლება. მარხვაზე მთლიანად უარის თქმა ასუსტებს ზემოთნახსენებ უნარებს. გადაჭარბებულმა მარხვამ კი პირიქით, შესაძლოა ადამიანის გულისთქმა მთლიანად მარხვაზე გადაიტანოს და მოჩვენებითი გახდეს. ასეთმა მარხვამ სულს შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოუტანოს.

 

V. 3. კითხვა: როდის მარხულობენ კათოლიკეები ?

პასუხი: – მთლიანობაში მარხულობა კათოლიკეებთან მოიცავს ერთის მხრივ თავშეკავებას ყოველ პარასკევს, ანუ უარის თქმას ყოველ პარასკევს ხორცზე თუკი პარასკევი არ ემთხვევა დიდდღესასწაულს, და მეორეს მხრივ, თავშეკავება-მარხვას ორი დღის განმავლობაში, ნაცრისყრის ოთხშაბათს და წითელ პარასკევს ანუ ამ ორ დღეს არა მხოლოდ ხორცზე ითქმება უარი, არამედ საკვები მიიღება მხოლოდ ერთხელ და მოკრძალებულად. ეკლესია მოუწოდებს ყველა ჯანმრთელ ქრისტიანს იმარხულოს 14-წლიდან 60-წლამდე ასაკში.

დამატებითი სამარხულო წესები შეუძლია მიიღოს უნივერსალური ეკლესიის ნებისმიერ ეპისკოპოსს, შესაბამისი რეგიონის ან ტიპიკონის ტრადიციების მიხედვით.